Страницы

ახალი წელი სამცხე-ჯავახეთში

ახალი წელი სამცხე-ჯავახეთში
(ვალეში)
      ახალი წელი, საქართველოში, წლის უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია,რომელსაც დიდი თუ პატარა ყველა მოუთმენლად ელოდება,მოსახლეობა ახალ წელს ახალი სურვილებით და მიზნებით ხვდება.
   საქართველოს ყველა კუთხე  განსხვავებულად  და სხვადასხვა  ტრადიციებით აღნიშნავს ახალ წელს.
       სამცხე-ჯავახეთშიც, ისევე როგორც სხვადსხვა კუთხეებში, საახალწლო  მზადება დეკემბერის ბოლო კვირაში  იწყება,თავდაპირველად ირთვება ნაძვისხე  და  შემდეგ უკვე მოსახლეობა საახალწლო სუფრისთვის იწყებს მზადებას.
      ძველად ვალეში,ჩემ სოფელში, ძირითადად საეკლესიო დღესასწაულები და ახალი წელი აღინიშნებოდა. ახალი წლისთვის მზადება შობის წინა დღეებიდან იწყებოდა,იკვლებოდა საკლავი, ფურნეში აცხობდნენ ქადებს, ნაზუქებს და ტკბილ ნამცხვრებს.
       გადმოცემებით, სუფრა რომ გაიშლებოდა პირველად ოჯახის უფროსი უნდა დამჯდარო საახალწლო სუფრასთან და მერე შემდეგ  ოჯახის დანარჩენი წევრები.
            წინასწარ ირთვებოდა ბუნებრივი ტყიდან მოტანილი ნაძვის ხე და მასზე სათამაშოების ნაცვლად კიდებდნენ კამფეტებს,წინასწარ გამხმარ ჩირებს და პეჩენიებს. ნაძვის ხესთან დაკავშირებით ვალეში ერთი ლეგენდა არსებობს:“ როდესაც ნაზარეთში გამოაცხადეს ახალშობილების აღრიცხვა, მარიამი თავის ჩვილთან ერთად გაიქცა, მას მდევარი დაედევნა და იგი ნაძვის ხის ტოტებს შეეფარა და ღმერთისთვის უთხოვია: ღმერთო დამმალეო, ამ დროს კი თურმე ნაძვს ტოტები  დაუხრია და დაუფარავს ისინი“. მას შემდეგ ნაძვის ხე არის სიმბოლო მფარველობის და სიყვარულის.იგი  სწორედ შობის დღესასწაულზე ირთვებოდა.
     მესხეთში, ჩვენს წინაპრებს საახალწლო სუფრის მომაზადების ორიგინალური წესები ჰქონდათ. ახალი წლისთვის აუცილებლად უნდა გამოეცხოთ“ ბასილა“ და „ყათმარი“.
    „ბასილა“იყო   ტკბილი ცომისგან გამომცხვარი  პატარა კაცუნები. ოჯახის დედა გუნდას დაამრგვალებდა, ფეხებს და ხელებს  გამოუჭრიდა დანით, თვალებს ნახშირით ან ლობიოებით უკეთებდა და აცხობდა. ახალი წლის დილით კი ოჯახის წევრებს  უნდა შეეჭამათ ყველა ზომის კაცუნები ასაკის მიხედვით.
    „ყათმარი“ იყო ქადის მსგავსი ცომისგან გამომცხვარი.(სამწუხაროდ დღეს  აღარც ყათმარს და აღარც ბასილას აღარ აცხობენ).
     საინტერესოა ის, რომ ყველა ვინც გამოვკითხე აღნიშნავს, რომ პირველად ახალ წელს წყაროს ულოცავდნენ. მათი თქმით ისინი ტაბალაზე და ფეხშუბზე ( ეს იყო მრგვალი ფორმის პატარა მაგიდა ) აწყობნენ საჭმელებს, ტკბილეულს და გაჰქონდათ წყაროსთან, იქიდან კი წყაროს წყალი შემოჰქონდათ სახლში, რადგან მათი თქმით ბარაქა შემოდიოდა ოჯახში.ძველად კიდევ აუცილებელი რიტუალი იყო ახალი წელი დადგებოდა თუ არა ოჯახის უფროსი ტკბილეულით ბოსელში შევიდოდა და ცხოველებს მიულოცავდა.
    რაც შეეხება მეკვლეს, მეკვლედ აუცილებლად მამაკაცი უნდა ყოფილიყო. ოჯახში შესვლისთანავე მეკვლე იტყოდა:
       „შემოვდგი ფეხი,
        გწყალობდეთ ღმერთი,
        ჩემი ფეხი- კვალი  ანგელოზის“
    მეკვლეს შესვლისთანავე მაშინვე სკამზე დასვამდნენ და ფეხებს მოაკეცინებდნენ, თავზე ხორბალს  დააყრიდნენ, რადგან იმ წელს  ქათამი რომ  აკრუხებულიყო.
     მესხეთში ახალი წლის მეორე დღეს ანუ 2 იანვარს აღნიშნავდნენ ბედობს, ამ დღეს ყველა წყნარად უნდა ყოფილიყო,ჩხუბი და ყვირილი არ შეძლებოდა ოჯახში, რადგან ფიქრობდნენ რომ როგორც ჩაივლიდა ეს დღე, ისე გაგრძელდებოდა მთელი წელი და სწორედ ამიტომ ბედობა დღეს ყველა ერთობოდა , დაკვრა-თამაში იმართებოდა,მოხუცი თუ ახალგაზრდა ყველა სასეირნოდ გადიოდა.
    დღესდღეობით სამწუხაროდ ყველა ზემოთ აღნიშნული ტრადიცია არ არის შემორჩნილი, თუმცა არის ტრადიციები რომელსაც ახლაც ვიცავთ.მაგალითად  ვალეში დღესაც ინთება ფურნე, სადაც ქადები,ხაჭაპრი  „ფოდოლა“ და „სომინი“ ცხვება ასევე როგორც წინათ, ახლაც იკვლება საკლავი საახალწლო და ვფიქრობ რაც მნიშვნელოვანია დღესაც გვაქვს შემორჩენილი მეკვლეს ტრადიცია ლექსითურთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий