Страницы

ტრადიციული კერძები სამცხე-ჯავახეთში

  მე ეკა ხითარიშვილი ვარ და ვაგრძელებ რუბრიკას „ჩემი კუთხის ისტორი“, ამჯერად თქვენს ყურადღებას ჩემი სოფლის ტრადიციულ კერძებზე შევაჩერებ, რომელთა უმეტესობა მთელს სამცხე-ჯავახეთში ფართოდაა გავრცელებული.
ტრადიციული კერძები სამცხე ჯავახეთში
                როგორც საქართველოს ყველა კუთხეს, ისე სამცხე-ჯავახეთსაც აქვს მისთვის დამახასიათებელი სამზარეულო,  რომელიც ჩემი აზრით, ერთ-ერთი გამორჩეული, მრავალფეროვანი და საინტერესოა. სწორედ  ამიტომ გადავწყვიტე, რომ უფრო უკეთ შემესწავლა ჩემი კუთის კერძები და თქვენთვისაც გამეცნო. ამის საუკეთესო გზად კი  სოფლის ხანდაზმული ქალბატონებისაგან რეცეპტების პირადად ჩაწერა და დაგემოვნება მივიჩნიე. ახლა კი სიამოვნებით გაგიზიარებთ რამდენიმე მათგანს და იმედს გამოვთქვამ, რომ თქვენც აუცილებლად მოგინდებათ მათი მომზადება...მითუმეტეს, რომ ისინი თანდათანობით ამ ძირძველი კუთხის მძიმე ისტორიის ნაწილად იქცა. (შევეცადე ჩაწერისას მაქსიმალურად შემენარჩუნებინა ტექსტისთვის ჩემი სოფლისთვის დამახასიათებელი დიალექტი)
ამბაზი კორკოტი
     ამბაზი კორკოტი-სამარხვო საჭმელია, რომელსაც ძირითადად მარხვის დროს ამზადებდნენ. წყალში ხარშავდნენ კორკოტს, ჩაასხამდნენ  მასში ზეთში მომწვარ ხახვს და შეაზავებედნენ  მარილით. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ამ წვიან შეჭამანდს   პურთან ერთად ჭამდნენ.
ფლავი(კორკოტის)
          ფლავი-წარსულში,როდესაც ბრიბნჯი არ ჰქონდათ,ფლავს საკორკოტე მასალისგან აკეთებდნენ თუმცა დღეისათვის ძირითადად ბრინჯისგან კეთდება. ფლავი კეთდებოდა ერბოთი და ხორცით.საკორკოტე მასალას ჩაყრიდნენ წყალში და ხარშავდნენ.მოხარშვის დროს მარილით შეაზავებდნენ.წყალს იმ ზომას აძლევდნენ,რომ მოხარშულ ფლავს უკვე შეშრობილი ჰქონოდა,შემდეგ ჩადებდნენ ერბოს,მოურევდნენ კარგად,რომ ცხიმი თანაბრად გასჯდომოდა.
                                     
ხაშილი
        ხაშილი-კეთდებოდა  ხორბლისგან.საკორკოტე მომზადებულ ხორბალს დაფქვავდნენ ხელსაფქვავზე.გამზადებულ ღერღილს ადუღებულ წყალში ყრიდნენ და აზავებდნენ მარილით.ადუღებდნენ მოხარშვამდე,ამ პერიოდში ნახარში შესქელლდებოდა  შემდეგ გადმოიღებდნენ ცეცხლიდან,გაანაწილებდნენ ჯამებში,ჯამში მოთავსებულ ხაშილს კი გაწევდნენ გვერდებზე კოვზით,ორმოსავით გააკეთებდნენ,შიგ ერბოს ჩაასხამდნენ და ისე ჭამდნენ.
ხავიწი
       ხავიწი-კეთდებოდა ხორბლის მოშუშული ფქვილისაგან ან სიმინდის ფქვილისგან.მდუღარე წყალში ჩაყრიდნენ ზომაზე მარილს და აღნიშნულ ფქვილს ამოუკიდებდნენ  ნელ-ნელა,ადუღებდნენ მოარშვამდე,საკმაოდ რომ შესქელდებოდა,ჯამებში ინაწილებდნენ და ჭამდნენ ერბო-ბაქმაზთან ერთად.
ყაურმელა
        ყაურმელა-ხორბლის ფქვილს ერბოსთან ერთად მოშუშავდნენ ტაფაზე,შემდეგ მას ამოუკიდებდნენ მარილით შენელებულ მდუღარე წყალში ფაფის სახით და ჭამდნენ.
სირონი
        სირონი-საჯზე გამომცხვარ უხას თასილ-ჩასილს დაახვევდნენ  წვრილი მილივით, ჭრიდნენ მრგვალად,ამ მრგვალ ნაჭრებს ბრტყლად სააწყობდნენ ერთპირიან თეფშზე,ზემოდან მოსხამდნენ მაწონს და გამდნარ ერბოს,კიდევ მოაწყობდნენ უხის დაჭრილ ნაჭრებს შემდეგ ცოტა ხანს აჩერებდნენ და მზად იყო საჭმელად.
ძიფუა
    ძიფუა-ქვაბში ჩაასხამდნენ ერთი-ერთზე რძეს და წყალს ერთმანეთში შერეულს ცეცხლზე შემოდგამდნენ,როცა ადუღდებოდა, მასში ნელ-ნელა ამოუკიდებდნენ ფქვილს და თან ურევდნენ,ოდნავ რომ შესქელდებოდა ფქვილის ამოკიდებას შეწყვეტდნენ და ნარევს ცოტა ხანს ადუღებდნენ.შემდი კი უკვე მზად იყო საჭმელად.
ჭიმური
    ჭიმური-გამდნარ ერბოში ჩაფშვნიდნენ პურის გულს და ცეცხლე მოშუშავდნენ. მოშუშვის დროს კარგად ურევდნენ,რომ ჩაფშვნილ პურს ერბო თანაბრად გაუჯდეს, შემდეჯ კი ასხამდნენ ერთ-ორ თქვეფილ კვერცხს, მოურევდნენ და კვერცხი როგორც კი შეიწვებოდა კერძი უკვე მზად იყო.
                                    
 ეს რა თქმა უნდა მცირედი რაოდენობაა იმ კერძებისა, რომელიც ძველად იყო გავრცელებული ჩემს კუთხეში, მათი  უმეტესობა უკვე დავიწყებულია და მათ თითქმის აღარავინ ამზადებს, მე მაინც ვთვლი რომ ისინი ჩვენი იდენტობის და ტკივილიანი წარსულის ნაწილია და აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ კულინარიულ სახელმზღვანელოებში თუ არა, პირად ჩანაწერებში  მაინც - დიასახლისებმა.
მიზანი 2: შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოებისა  და გაუმჯობესებული კვების მიღწევა და მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა 
მიზანი  11: ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი განვითარება.

Комментариев нет:

Отправить комментарий