Страницы

საქორწინო წესები მესხეთ-ჯავახეთში

საქორწინო  წესები  სამცხე-ჯავახეთში
(ნაწილი I)

  სამცხე-ჯავახეთში  ქალ-ვაჟის  დაქორწინებამდე  რამდენიმე  წინაპირობა  იყო  შესასრულებელი:
1.ბეი
2. მოსაკითხი
3.  ნიშნობა
4.  ქალთა  შეყრა
5.  ტანისამოსის  დაჭრა.
6.  ქორწილი
7.  ენის  მოჭრა
8.  პატარძლის  ჩაბარება
9.  ჯვრისწერა
      სამცხე-ჯავახეთში  ქორწილისთვის  მზადებას,  სარძლოს  ძებნას,  ვაჟის მშობლები  გადაწყვეტდნენ. უპირველეს  ყოვლისა,  დაქორწინების  მთავარ  პირობად  ითვლებოდა  და  დიდი  ყურადღება  ექცეოდა  საპატარძლოს  დედის  გაკითხვას  ძირით-ძირამდე.  აუცილებლად  ითვალისწინებდნენ  იმას,  დასაქორწინებლები  ხომ  არ  იყვნენ  სისხლით  ნათესავები  შვიდ  თაობაზე  უფრო  ახლოს.  რაც  არ  უნდა  შორეული  ნათესავები ყოფილიყვნენ,  დაქორწინება  არასგზით  არ  შეიძლებოდა.   ასეთ  შემთხვევაში  ვაჟის  მოციქულის  პირით  შეუთვლიდნენ  ხოლმე:  ,,დაგიკარგავს  ნათესაობა  და  გათათრებულხარო“,  ვაჟის  მამა  მოიბოდიშებდა  და  ისევ  ნათესავებად  რჩებოდნენ.
    დაქორწინებისას  უფრო  დიდი  ყურადღება  ექცეოდა  ნათელმირონობას,  რომელიც  ცხრა  თაობაზე  გადადიოდა.  მართალია,  ეს  ხელოვნურად  შექმნილი  ნათესაობაა,  მაგრამ  სისხლით  ნათესაობაზე   უფრო  წმინდაა.
      დადგინდებოდა  თუ  არა,  რომ  დასაქორწინებელი  წყვილი  არანაირი  ნათესავები  არ  იყვნენ,  იწყებოდა  ქორწილისთვის  მზადება.   ვაჟის  ოჯახი  მოციქულს  გაუგზავნიდა  ქალის  ოჯახს,  იგი  ყოველთვის  მამაკაცი  იყო.  მოციქული  საღამოს  წავიდოდა,  სხვას  რომ არ  დაენახა.  მაჭანკალი  მისვლის  მიზეზს  ჯერ  დამალავდა,  იტყოდა -  სალაპარაკოდ  გამოვიარეო,  მაგრამ  როცა  ქალის  მამა  იტყოდა-  ვახშამი  მოიტანეთო,  მაშინ  მაჭანკალი  იტყოდა-,,მე  პური  არა  მშია,  სიტყვა  მაქვს  სათქმელი-  სიტყვა  არის  რო  ხალხში  ითქმის,  სიტყვაა  რო   ხალხში  არ  ითქმისო“,  ამ  დროს  კი  ქალის  მამა  დაითხოვდა  ყველა  იქ  მყოფს  და  მოსულს  გამოკითხავდა  მისი  იქ  მისვლის  მიზეზს.  გაარკვევდა  ვაჟის  ვინაობას.  თუ  შუაკაცს  ვაჟის  ოჯახისგან  რაიმე  წყენა  ახსოვდა,  მაშინ  ქალის  მამას  ურჩევდა,  ქალი  არ  მიეთხოვებინათ.   დაქორწინების  წამოწყებისას  უმეტესწილად  მოციქული  და  ქალის  მამა  თანხმდებოდნენ.  მაჭანკლის  წასვლის  შემდეგ  ქალის  მხარე  გაიკითხავდა  სასიძოს  შესახებ  და  მოციქული  ქალის  ოჯახში  უკვე  მაშინ  შეჭამდა  პურს.  გადმოცემის  თანახმად-  თუ  მოციქულმა  პური  ჭამა  ქალის  ოჯახში   სიტყვის  გატანამდე,   მაშინ  ის  საქმე  ჩაიშლებოდა.
     თუ  ქალის  ოჯახს  არ  მოეწონებოდა  სასიძო,  იტყოდნენ,  ,,ქალი  ჯერ  პატარაა  და  არ  ვათხოვებთო“.
      როცა  ვაჟის  მამა  გაიგებდა,  რომ  ქალის  მხარეს  მათ  სოფელში  კაცი  გაუგზავნია  ოჯახის  გასაკითხად,   წავიდოდა  ქალის  სოფელში  ნათესავთან  და  მასვე  გაგზავნიდა  ამბის  გასაგებად ქალის  ოჯახში.  ქალის  მამა  კი  მოციქულს  ეტყოდა-  ,,ყველაფერი გავილითხე  და  ახლა სასიძოს  ნახვა  გვინდაო“  ამის  შემდეგ  ვაჟს  ქალის  სოფელში  გაგზავნიდნენ   მოციქულთან.   მოციქულის  ოჯახის  ვაჟი სასიძოს სასეირნოდ  გაატარებდა.  ამ  დროს  ქალის  ოჯახი  ვაჟს  შორიდან  შეხედავდა,  საპატარძლო  კი  ვაჟს  მოფარებული  ადგილიდან  უყურებდა,  რომ  მათთვის  შეუმჩნეველი   დარჩენილიყო.  ამის  შემდეგ  ახლობლები  ერთმანეთს  კითხავდნენ   გაეტანებინათ  ქალი  თუ  არა. თუ  ყველას  ერთხმად  მოეწონებოდა  ვაჟი,  ქალის  პატრონი მოციქულის  პირით  შეუთვლიდა:  ,,ბე  გავცვალოთო“.
      იყო  შემთხვევები,  როცა  დასაქორწინებლები  ქორწილამდე  ვერც  ხედავდნენ  ერთმანეთს.
ძველად  სამცხე- ჯავახეთში  ორი  სახის   ბეჭედი  იყო  ცნობილი:  უთვლო  ე.  წ.  ,,ჰალდა“ ბეჭედი  ანუ  დღევანდელი  ,,კალიცო“ და  ,,ყაშინი“  (თვლიანი)    ბეჭედი.   ქალიშვილის  დანიშვნისას  სხვა  სამკაულებთან  ერთად  აუცილებლად  ბეჭედსაც  მოიტანდნენ  ხოლმე.  თუ  ქალი  ან  ვაჟი ბეჭედს  ატარებდა,  ეს  ნიშნავდა,  რომ  დანიშნული  იყო.   ქორწინებიდან  სიცოცხლის  ბოლომდე  მისი  ტარება  კი  აუცილებელი  იყო.  ხშირად  ბეჭედზე  პატრონის  სახელი  და  გვარი  იყო  დაწერილი.
    ბეს  გასაცვლელად  საპატარძლოს  ოჯახი  უკვე   მზად  იყო.  ვაჟის  მამა  და  მოციქული  განუცხადებდნენ  ქალის  ოჯახს:  ,,მოყვარებე  უნდა  გავცვალოთო“.  ამ  დროს  მოციქული  გამარჯვებას  ამაყობდა.  შემდეგ  მამები  ერთმანეთს  გადაეხვეოდნენ  და  სამჯერ  მარჯვენა  ხელით  გაცვლიდნენ  ბეს. ქალს  მოიყვანდნენ  და გადასცემდნენ  ბეს.  აქ  წესად  ისიც  ყოფილა,  რომ  თუ  ქალის  ბე  თავსაფარი  იყო,  ის  აუცილებლად  მულს  უნდა  ეხმარა  და  გაეცვითა.
     სოფელ   მუსხის  მცხოვრები  შაქრო  ქურდაძე  გადმოგვცემს  პაპის  ნანმბობს  საქორწინო  წესების  შესახებ:  ,,რასაც  ბეს  დროს  მოიტანდნენ,  აუცილებლად  წყვილი  უნდა  ყოფილიყო.  თუ  ოქროს  სამკაულები  არ  ჰქონდათ.  ამ  შემთხვევაში  აუცილებლად  ფული  უნდა  ეჩუქებინათ“.
    ბეს პურის ჭამაზე სამამამილოს მიერ მოტანილ არაყს საპატარძლოს მამა ყველას თითო ჭიქას დაალევინებდა. იწყებოდა ქეიფი. ძველად უფრო მეტ დროს უთმობდნენერთმანეთის მოკითხვას და გაცნობას, ვიდრე ჭამას და სმას.
    ბეს მისაღებად კი საპატარძლოს, რომელიც მეორე ოთახში იმყოფებოდა, სუფრის ოთახში საკრავით შემოუძღვებოდა ძმა ან ბიძაშვილი. მას მოჰყვებოდა ქალის რომელიმე გათხოვილი ნათესავი და მას მოჰყვებოდა საპატარძლო.საპატარძლო   ყველას  მოიკითხავდა,   განსაკუთრებულ   პატივს  სცემდა  სამამამთილოს. შემდეგ  ქალის  მამა  გამოაცხადებდა:  ,,ქორწილი  გვაქვსო“   და  თამადას  აირჩევდა,   რომელიც  გამოცდილი  უნდა  ყოფილიყო.  ეს  ქეიფი  ქალის  ოჯახის  შესაძლებლობის  მიხედვით  გრძელდებოდა,  ღამის  გასათევად ვაჟის  მაყრიონს ქალის  ნათესავები დაინაწილებდნენ.
   დილით პურის  ჭამაზე  მოყვრები  მოილაპარაკებდნენ  ნიშნობის თარიღის  შესახებ.

   ბეს  შეცვლისა  და  ნიშნობის  საპატარძლოს ფულს  ჩუქნიდნენ  მომსახურებისთვის.
   ნიშნობაზე  ვაჟის  ოჯახს ქალთან მიჰქონდა  ის  ყველაფერი,  რაზეც ბეს დროს  მოილაპარაკებდნენ  (ოქროს  სამკაულების ჩათვლით).  ქალის  ოჯახი  მზად  იყო  და  იწყებოდა ქეიფი.  ნიშნობას  მაჭანკალიც  ესწრებოდა. აქვე  მოილაპარაკებდნენ  ქორწილის თარიღის  შესახებ.
      ძველად,  ნიშნობა  და ქორწილი მეტწილად  გიორგობისთვეში  ტარდებოდა,  როცა  სასოფლო-სამეურნეო  სამუშაოები  მოთავებული  იყო  და  მოსავალიცდაბინავებული,  თან  მარხვაც  არ იყო.
     ქორწილამდე  ერთი  კვირით  ადრე  პატარძლის  ოჯახი  დაიპატიჟებდა  მის  მეგობარ და  ნათესავ  გასათხოვარ  ქალებს  და  იწყებოდა  ე. წ. ,,ტანისამოსის  დაჭრა“.  ამ  დროს დაჭრიდნენ  პატარძლისთვის  ნაჩუქარ  ნაჭრებს,  რომლებიც  აუცილებლად პატარძალს  უნდა შეეკერა.
    ქორწილის  წინა  დღეს პატარძალს  ახლობლებში გაიპატიჟებდნენ  ე.  წ. ,,ქალთა  შეყრაზე“,  სადაც  მას  ართობდნენ,  ამხიარულებდნენ  და  აბანავებდნენ.
     ქორწილის  წინა  ღამით დალაქი ყველა  მაყარს  წვერს  პარსავდა,  აწესრიგებდა,  სასიძოს  ამ  მომსახურებისთვის  საჩუქარს  ართმევდა(ერთ  ჩარექარაყს  და  ერთ  წყვილ  წინდას).
    ქორწილისთვის  ორივე  ოჯახი  გაფაციცებით  ემზადებოდა:  აცხობდნენ  პურს,  კლავდნენ  საკლავს,  იმარაგებდნენ  სასმელს.  ქორწილისთვის  არჩეული  თამადა  ირჩევდა  ,,მაყარბაშს“,  რომელსაც  მაყრებისთვის  უნდა  ეხელმძღვანელა.
      ქორწილის  დღეს დილით  ადრე  შეგროვდებოდა  მაყრიონი  წასასვლელად.   ნათლიას  კი  ნეფის  ოჯახიდან  წითელი  ვაშლები და  ნაირფერად  შეღებილი,  ქათმის  ბუმბულებით  მორთული  ჯვარი  ეჭირა.
    ნეფე-მაყრიონი  გზაში  ერთმანეთს  ეჯიბრებოდა  ვაჟკაცობაში,  ვინც  გაიმარჯვებდა,  მახარობლად  ინიშნებოდა. სამახარობლო  ნიშანი  ქადა  და  პური  იყო.
       მახარობელი  პატარძლის  სოფელთან   მიახლოებისას  დაწინაურდებოდა,   რომ  პატარძლის  ოჯახისთვის  მაყრიონის  მისვლა  ეცნობებინა.
     საპატარძლოს  სახლში  შესულ  მახარობელს ნიშნის  ჩვენებას  სთხოვდნენ,  ისიც  აჩვენებდა,  რის  შემდეგაც  ჯამით  სასმელს  მიართმევდნენ,  ისიც  დაილოცებოდა: ,,გაგიმარჯოთ,  იცოცხლეთ,  ღმერთი  შეგეწიოთ,  შინ  მშვიდობა  მოგცეთ,  გარეთ  გამარჯვება,  თვალი- მშრალი,  გული-მხიარული,  გაგიბედნიეროს  ნეფე-დედოფალი“  და  დაცლილ  სასმისს  იქვე დაამსხვრევდა.  ნეფე-მაყრიონი  ქალის   სოფელში  ცხენების  ჭენებითა  და  დამბაჩების  სროლით  შედიოდა,  პატარძალი  კი  ამ  დროს  სხვა  სახლში იყო  დამალული  და  საქმროს  საცერში  გახედვით  უცქერდა.
საპატარძლოს სახლის ეზოში იმართებოდა ცეკვა-თამაში, გართობა , სიმღერა. სახლის კარი მაყრიონს დაკეტილი ხვდებოდა. მაყრები იშიშვლებდენენ ხმლებს და კარის უკან გადააჯვარედინებდნენ, კარის გაღებაში ნათლია ფულს იხდიდა. მაყრიონი ქალის ოჯახს საპატარძლო ტანსაცმელს ჩააბარებდა. ეს იყო : ჩიხტი-კოპი, ქართული ყურთმაჯიანი კაბა სარტყლით, გულის პირით და მაღალყელიანი ფეხსაცმელი. პატარძალს „სამალავი სახლიდან“ სამამამთილო გამიყვანდა ფულის გადახდის შემდეგ.
       სამცხეში წესად ყოფილა, საქორწილო ტანსაცმელი მღვდელს უნდა ეკურთხებინა, რაშიც გასამრჯელოს იღებდა ნათლიისაგან. მამამთილი პატარძალს ნეფეს ჩააბარებდა და მიდიოდნენ აჯილაკისაკენ (აჯილაკი - ნეფე დედოფლის დასაჯდომი ადგილი). აჯილაკზე მათ ხვდებოდნენ პირქვე დამხობილი ბავშვები, რომლებიც ფულის ჩუქების შემდეგ დგებოდნენ. შემდეგ ყველა დაჯდებოდა სუფრასთან და იწყებოდა ქეიფი.       
        თუ ქორწილი მალე მთავრდებოდა, ჯვრისწერა იმავე დღეს იმართებოდა. თუ ორდღიანი იყო, მეორე დილით იწერდნენ ჯვარს. იგი ყოველთვის დღის შუქზე იმართებოდა, საღამოს დაუშვებელი იყო. ჯვარდაუწერლობაც არ შეიძლებოდა. ეკლესიის კარიც დაკეტილი ხვდებოდათ. კარის გაღებაში ეკლესიის მნათე მეჯვარისაგან ფულს იღებდა.  ეკლესიაში ყველა შედიოდა მეზურნეების გარდა. ჯვრის წერის შემდეგ უბრუნდებოდნენ კვლავ სუფრას. როდესაც ხალხი დაწყნარდებოდა და მაგიდებს მიუსხდებოდა, იწყებოდა, ე.წ. „სუფრის დაძახება“ ანუ საჩუქრები. პირველი პატარძლის დედა გამოიტანდა სიძისთვის განკუთვნილ საჭმელსა და საჩუქრებს. ვინც ქორწილში იყო დაპატიჟებული, ყველას საჩუქარი უნდა მოეტანა.
         ქორწილის სუფრაზე აწყობდნენ : წვნიან ხორცს, ჰალვას, ქადას, თევზს, ერბოკვერცხს,ფლავს ნამცხვარს და ა.შ. თამადა ჯერ ოჯახს ადღეგრძელებდა შემდეგ ნეფე-დედოფალს ლოცავდა. პატარძლის დედა ნეფეს გაუგზავნიდა სავსე ჭიქას, რომელშიც ვერცხლის ან ოქროს ბეჭედი იდო. ნეფე დაილოცებოდა, დალევდა და ბეჭედს თითზე გაიკეთებდა. ამავე ჭიქას, ფულს და ტკბილეულს უკანვე გაუგზავნიდა. ამას მოჰყვებოდა სამცხე-ჯავახეთში შემორჩენილი „მრავალჟამიერი“ , მას მოჰყვებოდა მზითევის გამოცხადება. მზითევს შეადგენდა : ტანსაცმელი, ლოგინი, შრომის იარაღები, ჭურჭელი, სამკაულები და ხშირად სანუკვარი „ვეფხისტყაოსანი“. წინათ, ქალის მზითევს კიდობანში აწყობდნენ გადასატანად, რომელზეც პატარძლის ძმა იჯდა, გასაღებიც მას ებარა. კიდობნის დასახსნელად მამამთილი ქალის ძმას ფულს ჩუქნიდა. კიდობანი სიძის სახლში ერთ-ერთ მაყარს მიქონდა.
    მზითვის ჩაბარების შემდეგ პატარძალი მოემზადებოდა ქმრის სახლში წასასვლელად. ქალის ოჯახიდან მაყრად სამი ხუთი მამაკაცი მიდიოდა. ნეფის სახლთან მიახლოებისას მახარობელი გაიჭრებოდა წინ და ოჯახს პატარძლის მიახლოებას ახარებდა. რისთვისაც საჩუქარს იღებდა. სოფელში მაყრიონს გზას ბავშვები უღობავდნენ, გზის გათავისუფლებისთვის ფულს იხდიდა. მექორწილეებს სოფელში სუფრით ხვდებოდნენ, რაშიც მამამთილი იხდიდა ფულს. ნეფის სახლის ეზოში დიდი ზეიმი იმართებოდა მუსიკითა და ცეკვით. დედოფალს რომ ჩამოსვამდნენ ცხენიდან, მას დიდი სპილენძის ქვაბი ხელით უნდა გადაებრუნებინა                       თავისი სიძლიერის დასამტკიცებლად. თუ ვერ შეძლებდა, მას ძმა ან ბიძაშვილი ეშველებოდა. თუფეხით გადააბრუნებდა ეს უზრდელობად ითვლებოდა და ყველა დასცინებდა.
       სახლში შესვლისას ნეფე-დედოფალს და ნათლიას დედამთილი (ან ვინმე ახლობელი ქალი) პირში შაქრის ნატეხს ჩაუდებდა : „ასე ტკბილად  დამიბერდითო!“ კარები აქაც დაკეტილი ხვდებოდა ბავშვების ან დამკვრელების მიერ. კარის გაღებაში ნათლია ფულს იხდიდა. სახლში შესვლისას პატარძალს იატაკზე გადმობრუნებული თეფში ხვდებოდა, რომელიც ფეხით უნდა დაემსხვრია. შუა ოთახში დედამთილი ახვედრებდა ერბოთი და თაფლით სავსე ქილებს, რომლებსაც ნეფე-დედოფალი და ნათლია სამჯერ უვლიდნენ გარს. დედამთილი კი დალოცავდა : „ასე ტკბილად, ასე მდიდრად დამიბერდითო“. დედოფლის მაყრები კი ქილაში ხანჯლებს ჩაარჭობდნენ ნამდვილად სავსეა თუ არაო. დედოფალი კი ნეკი თითით ამოიღებდადა გასინჯავდა.

     ამის შემდეგ გაემართებოდნენ აჯილასაკენ, რომელიც დაკავებული იყო ბავშვების მიერ, ადგომისთვის ისინი ფულს იღებდნენ. ყველა რომ თავის ადგილს დაიკავებდა, დედამთილი „შემკულ სუფრას“ მიართმევდა ნეფე-დედოფალს და ლოცავდა. პატარძალს კალთაში ჩაუსვამდნენ ერთიდან სამ წლამდე ასაკის ექვს ბავშვს : სამ ვაჟს, სამ გოგონას, რომელთაგან ერთ-ერთი ნათლიას შვილი უნდა ყოფილიყო, ქალ-ვაჟიანობა დაგებედოსო. პატარძალი ვალდებული იყო ბიჭებისთვის წინდები ჩაეცმია, გოგონებისთვის ქუდები დაეხურა. როცა ყველა მექორწილე მიულოცავდა ბედნიერებას იწყებოდა პურის ჭამა. თამადა სადღეგრძელოებს შორის ახალგაზრდებს გართობის საშუალებას აძლევდა.



საქორწინო წესები საქართველოში
ცნობები  იმის  შესახებ,  თუ  ქორწინების როგორი  წესები  ჰქონდათ  წარმართ  ქართველებს,  არ  მოგვეპოვება,  მაგრამ  უკვე  ქრისტიანი  ქართველების ცოლ-,   ქმრული  ცხოვრების  შესახებ  პირველი  ცნობები  მოგვეპოვება  ,,შუშანიკის  წამებაში“,  საიდანაც  ჩანს,  რომ  ქრისტიან  მამაკაცს მხოლოდ  ერთი  ცოლის  მოყვანის  უფლება  ჰქონდა.
        აკ.  ივ.  ჯავახიშვილის  ,,ქართველი  ერის  ისტორიის“  VII  ტომში ვკითხულობთ,  ადრეული  ჩანაწერები  ქორწინების  შესახებ  გვხვდება  1103  წლის რუის- ურბნისის  ჩანაწერების  კრებულში  ,,ძეგლისდება“,  სადაც  ქორწინების  სხვადასხვა  ზნე-ჩვეულებაა  ჩამოთვლილი. ოდითგანვე   ქართველებს  ,,ძალით  წაგვრა“,  მოტაცება,  არ  ჰქონიათ  წესად,  წინააღმდეგ  შემთხვევაში,  ამ  წესს  ეკლესია,  ძალადობის  გამოვლინებად  ჩათვლიდა  და  აკრძალავდა.
ამავე   კრებულიდან  ირკვევა, რომ  დაქორწინების  პროცესში  უმეტესად   ვაჟის  მშობლები  აქტიურობდნენ,  თუ  ვაჟი  ობოლი  იყო,  თავის  ბედს  თვითონ  განაგებდა.
   ივ.  ჯავახიშვილს  საკმაოდ  საინტერესოდ  აქვს  შენახული  ცნობები ქალ-ვაჟის  საქორწილო  ასაკის  შესახებ.  მაშინ  თურმე  სრულასაკოვნად  ქალი  12-13  წლისა  ითვლებოდა,  ხოლო  ვაჟი  15-16 წლის,  ე. ი.  ამ  ასაკში  დაქორწინება  შეიძლებოდა.   რუის-ურბნისის  კრებამდე  კი  ქალ-ვაჟის ,,დაწინდვა“,( დანიშვნა),  მცირე  ასაკში  ყოფილა  წესად.
    ახალციხის  წმ. მარინეს  სახელობის მართლმადიდებლური  ეკლესიის  1835-1887  წწ. საეკლესიო  დავთრების  მიხედვით,  საქორწინო  ასაკი  14-18  წლებით  იფარგლებოდა.  ოფიციალური კი  ცოლ-ქმრული  ცხოვრების,  ქორწინების,  დავების  მოგვარების  შესახებ   არსებობს  მე-14  საუკუნიდან  ,,სამართლის  წიგნში“
    როგორც  აღვნიშნე,  საქორწინო  წესები  ერთნაირი  იყო ყველა  ფენის  წარმომადგენლისათვის,  განსხვავება  მხოლოდ   საქართველოს კუთხეებს  შორის  გვხვდება.  საქართველო  ტერიტორიულად უფრო  აღმოსავლეთის ცივილიზაციას  მიეკუთვნება,   ვიდრე   დასავლეთისას,  ამიტომ  აღმოსავლური  ტრადიციები  უფროა  ჩვენში შემორჩენილი.
XII-XIII  სს  თამარის  ისტორიკოსთა  თხზულებაში  მოგვეპოვება  ცნობები  საქორწინო  ლხინზე. ,,ქართლის  ცხოვრებაში“  ისტორიკოსი  თამარისა  და  დავით  სოსლანის   საქორწინო  ამბავს  ასე  გადმოგვცემს:  ,,იყო  ზმა  მგოსანთა  და  მუშაითთა,  მსახიობთა.  მჭრეტელნი  იყო  რაზმთა  სიმრავლე.“
       როგორც  ვიცით,  მე-16  საუკუნიდან  სამცხე-ჯავახეთი  ოსმალთა  ხანგრძლივი  ბატონობის  ქვეშ  იყო.  მიუხედავად  ამისა,  ქორწინება  აუცილებლად  მაინც  ქართველ  ქრისტიანებს  შორის  ხდებოდა.  აქ  არასოდეს  ქართველი  ქალი  ნებით არ  გაყოლია   ქართველ  მაჰმადიანს,  პირიქით,  თუ   ქრისტიანი  კაცი  ცოლად  მაჰმადიანს  მოიყვანდა,  მას  აუცილებლად  მონათლავდნენ  და  წყვილს  ჯვარს  დაწერდნენ.

     ამ   მხარეში  ვინც  ქართველობა  შეინარჩუნა,  მტკიცედ  იცავდა  ერთცოლიანობის  წესს.  აქ  არ  დამკვიდრებულა  ქალის გამოსყიდვა ფულით  ე. წ.  ,,ურვადი“.  ეს   წესი  მხოლოდ  მაჰმადიანებში  იყო.
                                              

Комментариев нет:

Отправить комментарий